სწორი კვება

ამ საკითხზე ბევრი რამის დაწერა შეიძლება, თუმცა სხვადასხვა პოსტებში ნელ-ნელა მოგაწვდით ინფორმაციას, რომ უფრო საინტერესეო იყოს წასაკითხად და შესასრულებლადაც🙂

ყველას მოგეხსენებთ თუ რაოდენ დიდ როლს თამაშობს სწორი კვება თქვენს ჯანმრთელობაზე. იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელი და მაშასადამე დღეგრძელი უნდა მოერიდოთ ბევრ ისეთ საკვებს, რასაც ჩვენ ყოველდღიურად მივირთმევთ.

ადამიანის ჯანმრთელობის უმნიშვნელოვანესი განმპიროებებელი ფაქტორი სწორი და დაბალანსებული კვებაა. ჩვენ მიერ მოხმარებული პროდუქტები ორგანიზმს ამარაგებს ორგანოების მუშაობისთვის აუცილებელი ნივთიერებებით და ასევე ენერგიით, რომელსაც ჩვენ არა მხოლოდ სიფხიზლის, არამედ ძილის დროსაც კი ვხარჯავთ.

რაც უფრო ახალია პროდუქტები, რომელსაც მივირთმევთ, მით უფრო აქტიურია, ცოცხალია მათში ვიტამინები. საკვები – ესაა საწვავი, რომელსაც ჩვენი სხეული ჰორმონებში, ფერმენტებსა და ცვლის პროცესების რეგულაციისთვის აუცილებელ ელემენტებში ამუშავებს. ნივთიერებათა ცვლა – ადამიანის ორგანიზმის სიცოცხლისუნარიანობის უმთავრესი მექანიზმი – პირდაპირაა დამოკიდებული მიღებულ საკვებზე. და ა.შ.

ვჭამოთ ხშირად და ცოტ-ცოტა

ყველაზე სწორ გრაფიკად მიჩნეულია არა სამჯერადი, არამედ ოთხჯერადი ან ხუთჯერადი კვება. შუალედებში კი შეგიძლიათ ხილიც მიირთვათ და არა ნამცხვრები და კანფეტები. რამდენიმე ხილის ერთად მირთმევა შეიძლება საჭმლის ჭამადაც მივიჩნიოთ. გახსოვდეთ, საკვების მიღება არ არის აუცილებლად რაიმე ორთქლადენილი თეფშიდან. საკვები შეიძლება იყოს რამდენიმე ზედიზედ შეჭმული ვაშლიც.

შევამციროთ პორციები

გონივრულია პორციების შემცირება, რათა კუჭი პირველი, მეორე და მესამე თავი კერძებით, პლუს კიდევ კომპოტით არ გადატვირთოთ. გახსოვდეთ, რომ კუჭის ნორმალური, ბუნებრივი ტევადობა 250 მლ-ია, ეს კი ერთ ჭიქაზე ცოტათი მეტია. გონებით ჩადეთ საჭმელი, რომლის მირთმევასაც აპირებთ, 250 მლ-იან ფინჯანში და ეცადეთ ამ რაოდენობის საკვები მიირთვათ.

პორციები შეგიძლიათ ნელ-ნელა შეამციროთ, მთავარია, ეს პროცესი დაიწყოთ.
კუჭს ხუთი ლიტრის ტევადობამდე გაწელვა შეუძლია და ალბათ თქვენი კუჭიც ახლა საკმაოდ ფართოდაა გაწერილი, როგორც კი პორციების შემცირებას დაიწყებთ, კუჭი თანდათანობით ბუნებრივ ტევადობას – 250 მლ-ს დაუბრუნდება. როდესაც ეს მოხდება, თქვენ იგრძნობთ, რომ სულ მცირე საკვების მიღების შემდეგაც კი ზომიერად დანაყრებული ხართ. თვალნათლივ რომ დაინახოთ, რა ზომისაა თქვენი კუჭი გაუწელავ მდგომარეობაში, ამ წუთასვე შეკარით მაცხენა ხელი მუშტად. და დააკვირდით თქვენს მუშტს – სწორედ ამხელაა თქვენი კუჭიც. ნუ შეეცადებით მასში უფრო მეტი საჭმელის ჩატენვას. ხომ არ მოგწონთ გაწელილი ჯემპრები და შარვლები?! მართალია, თქვენს კუჭს ვერ ხედავთ, მაგრამ იცოდეთ, რომ გაწელილ მდგომარეობაში ისიც საკმაოდ შეუხედავია. თუმცა საბედნიეროდ, კუჭს ბუნებრივ მდგომარეობაში დაბრუნების არაჩვეულებრივი უნარი აქვს.

კვების მუდმივი გრაფიკი

სასურველია, საკვები ერთსა და იმავე დროს მიიღოთ. მაგრამ არაუგვიანეს დაძინებამდე 2,5-3 საათისა. დადგენილ დროებში ორგანიზმი უფრო უკეთ არის მზად საკვების მიღებისა და გადამუშავებისთვის. ესეც ერთგვარად წვრთნის შედეგია.

კვების კალორიულობა

თუ გახდომა გინდათ, დღის განმავლობაში მიღებული კალორიები დახარჯული ენერგიის ოდენობის ან ცოტა ნაკლები უნდა იყოს. ბევრი რამაა დამოკიდებული, თქვენი სამუშაოს ხასიათზე, დღის განმავლობაში ჯდომა გიწევთ უმეტესად თუ მოძრობა. ყველაფერი მარტივია: რამდენი ენერგიაც მიიღეთ საჭმელისგან, იმდენი უნდა დახარჯოთ. თუ მეტს დახარჯავთ – გახდებით. თუ ნაკლებს… თავადაც ხვდებით, სად წავა ზედმეტი კალორიები.
როგორ განვსაზღვროთ მირთმეული და დახარჯული კალორიების რაოდენობა?! შესაძლოა კალორიების ცხრილში იყუროთ ან უბრალოდ, სასწორით აიღოთ ორიენტაცია. თუ წონაში მოიმატეთ, ესე იგი, ნაკლები უნდა ჭამოთ და მეტი იმოძრაოთ, თუ დაიკელით, იგივენაირად კვება გააგრძელეთ.

ხილისა და ბოსტნეულის კალორიულობა სასაცილომდე დაბალია, ამიტომ შეგიძლით ისინი ყოველდღე კილოგრამობით მიირთვათ, რა თქმა უნდა  თუ მოერევით და თან გახდეთ. ყოველთვის იცოდეთ, რამდენი კალორიაა ამა თუ იმ პროდუქტში. მაგალითად, ზოგიერთ ჰამბურგერში ერთბაშად 6-8 ათასი კალორიაა, ეს კი დღიურ ნორმაზე 4-5-ჯერ მეტია.
ადამიანისთვის, ვინც საკუთარ ფიგურასა და ჯანმრთელობაზე ზრუნავს ჰამბურგერები, ჰოთდოგები და მსგავსი საეჭვო წარმოშობის საჭმელი საერთოდ მიუღებელი უნდა იყოს, მაგრამ ზედმეტი ინფორმაციის მიღება მაინც არავის აწყენს. თქვენს რაციონში კალორიების საგრძნობლად შემცირებისთვის უნდა მოიკლოთ ან საერთოდ ამოიღოთ მენიუდან შაქარი, ნაყინი, კანფეტები და მსგავსი ტკბილი და ძალიან მაღალკალორიული საკვები. ამის ნაცვლად ჩასვით ბოსტნეული, მომჟავო-მოტკბილო ხილი, მწვანილი და ა.შ. ეს თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. სასარგებლოა რაციონში ისეთი დაბალკალორიული პროდუქტების შეტანა, როგორიცაა უცხიმო ხაჭო, გოგრა, ახალი კიტრი, ყაბაყი, კომბოსტო. აი, ამ მენიუთი ნამდვილად შეძლებთ გემრიელადაც ჭამოთ და თან გახდეთ კიდეც.

მრავალფეროვანი კვება

სწორი კვების აუცილებელი პირობაა ორგანიზმის სიცოცხლისუნარიანობისთვის აუცილებელი ნახევრადგაუჯერებელი ცხიმმჟავების, მიკრო და მაკროელემენტების, ვიტამინების, მინერალური ნივთიერებებისა და შეუცვლელი ამინომჟავების მიღება. დარწმუნებული რომ იყოთ, რომ ამ ყველაფერს იღებთ, შეეცადეთ მრავალფეროვნად იკვებოთ. ყველა საჭირო ნივთიერების მიღება ისეთი უბრალო საკვებითაც კი შეიძლება, როგორიცაა ხილი, ბოსტნეული, მარცვლოვნები და პარკოსნები.


მავნე საკვები სანაგვე ყუთში!

შეეცადეთ ამოიღოთ რაციონიდან ან თავიდან მინიმუმამდე მაინც დაიყვანოთ „ფუჭი“ და კუჭისთვის მავნე საკვების მიღება: ფასთ ფუდი, კეტჩუპი, მაიონეზი, ჩიპსები, ორცხობილები და ა.შ. მავნებლობისა და საშინელი კალორიულობის გამო, არის კიდევ ერთი პრობლემა: სხეული იღებს საკვებს, ეძებს მასში საჭირო ნივთიერებებს – ვიტამინებს და სხვ., ვერ პოულობს, „ცუდ ხასიათზე“ დგება და კიდევ ითხოვს საკვებს, რადგან იმედი აქვს, რომ რაც მას მიაწოდეთ, ეს ტრაგიკული შეცდომა იყო და მომდევნო პორცია ვიტამინებით და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით იქნება გაჯერებული. ნუ გაუცრუებთ იმედს თქვენივე სხეულს. უფრო ზუსტად კი, ნუ აქცევთ თქვენს ორგანიზმს ნაგვის ყუთად.


მიირთვით მეტი ხილი და ბოსტნეული

რაციონში აუცილებლად უნდა იყოს ახალი ხილი და ბოსტნეული. ადამიანის დიეტური ნორმა – დღეში 750 გრამი ხილი და ბოსტნეულია. მეცნიერთა დასკვნით, ადამიანები, ვინც ნაკლებ ბოსტნეულს მიირთმევენ, თავის ასაკზე უფროსად გამოიყურებიან და მიდრეკილნი არიან სხვადასხვა დაავადებების, მათ შორის სიმსუქნისადმიც. მათი შრომისუნარიანობა დროთა განმავლობაში დაბალ დონეზე ჩამოდის, ჩნდება მოდუნებულობა, უხალისობა, გაღიზიანებულობა, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი და ცუდი განწყობა. ასევე ნელდება ნივთიერებათა ცვლის პროცესიც.
მცენარეულ საკვებში შედის ყველა ძირითადი და აუცილებელი საკვები ნივთიერება: ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები, რომლებიც შედის ასევე მძიმე, ხორცის ან უკვე გადამუშავებულ ცხოველურ საკვებშიც. ასე რომ, მხოლოდ მცენარული საკვების ჭამით თქვენ არ მოაკლებთ ორგანიზმს საჭირო ნივთიერებებს და ამასთან თავიდან აიცილებთ ვნებას, რასაც ადამიანს ცხოველური საკვები აყენებს.

და პლუს, ხილსა და ბოსტნეულს ცხოველური წარმოშობის პროდუქტებთან შედარებით ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს – ჭარბი ვიტამინები.

ჭამის დროს იყავით ყრუ და მუნჯი

გახსოვდეთ, როცა ჭამთ, არაფერი გესმოდეთ და არ ილაპარაკოთ. ამას ბავშვობიდანვე გვასწავლიდნენ, მაგრამ რაც გავიზარდეთ, პრინციპები შევიცვალეთ და ჭამის დროს სმენა და ლაპარაკი დავიწყეთ. არადა ბავშვობაში სწორად გვასწავლიდნენ. როცა ჭამთ – მხოლოდ ჭამეთ და მეტი არაფერი აკეთოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი წესია. თუნდაც მხოლოდ ამ წესის დაცვამ თქვენს კვებაში მნიშვნელოვანი ცვლილება შეიძლება გამოიწვიოს. ჯობს გამორთოთ ტელევიზორი, რადიო, მუსიკა, გადადოთ წიგნი და ეცადოთ, არავის დაელაპარაკოთ ჭამის დროს.

მთელი ყურადღება საკვებზე უნდა იყოს კონცენტრირებული. ნელა, გაცნობიერებულად ჩაიდეთ პირში ყოველი ლუკმა. ყურადღებით, აჩქარების გარეშე დაღეჭეთ, კონცენტრაცია გააკეთეთ გემოს შეგრძნებებზე. ამ დროს მართლაც ცხადად შეიგრძნობთ საჭმლის გემოს და დანაყრების შეგრძნებაც გაცილებით ნაკლების შეჭმისთანავე გეწვევათ. პრაქტიკულად, შეუძლებელია ზედმეტი ჭამოთ თუ საკვებს შეგნებულად მიირთმევთ.

ეცადეთ, ყოველდღიურ საფიქრალზეც კი არ იფიქროთ. გონებში მხოლოდ საკვები გიტრიალებდეთ, შეიგრძენით გემო, ნელა ღეჭეთ, აუჩქარებლად გადაყლაპეთ და ნელა აიღეთ შემდეგ ლუკმა და კვლავ ნელა გააგრძელეთ სიამოვნების მიღება ჭამის პროცესისგან.

გიჭირთ ირწმუნოთ საკვების შეგნებულად მირთმევის ჯადოსნური ძალა?! არც არის საჭირო. მხოლოდ სცადეთ და შედეგით აუცილებლად გაოცებული დარჩებით!

სხეული ითხოვს წყალს

დიახ! წყალი და არა, მაგალითად, ლუდი! სიცხეშიც კი, როცა გეჩვენებათ, რომ მხოლოდ გაზიანი სასმელი ან ლუდი გინდათ, დალიეთ ორი ჭიქა წყალი და მიხვდებით, რომ არც ლუდი და არც კოლა არაფერში გჭირდებათ. ეცადეთ, რაც შეიძლება მეტი ჩვეულებრივი სასმელი წყალი სვათ. თუ ინდივიდუალური უკუჩვენება არ გაწუხებთ, დღეში 1,5-2 ლიტრი წყალი მიიღეთ. ყავა, ჩაი და გაზიანი სასმელები თქვენს სხეულს სასურველ სარგებელს ვერ მოუტანს, ზოგიერთი სასმელი კი თქვენს ორგანიზმს ზედმეტ ქიმიურ ნივთიერებებსაც შემატებს.

იცით, რომ კოლას მსგავსი სასმელები არათუ აქრობს წყურვილს, პირიქით, წყურვილის მასტიმულირებელ ნივთიერებებს შეიცავს?!

სუფთა სასმელი წყალი აიოლებს და აწესრიგებს კუჭის მუშაობას. წყალი უშუალოდ მოქმედებს ლორწოს წარმოქმნაში, რომელიც კუჭის კედლებს ფარავს და იცავს, ამიტომაც წყლის მიღება დიდი ოდენობით რეკომენდებულია ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა: გასტრიტი, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, კუჭის წყლული და ა.შ. კუჭის გამწვავებული წყლულოვანი დაავადებების დროს სასურველია ჭიქა წყალი ყოველ საათში, ყოველ 30 წუთშიც კი მიიღოთ. ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ტკივილი მალევე დაგტოვებთ!