ვცვლით ცხოვრების წესს :)

ცხოვრების ჯანსაღი წესი არის, უპირველეს ყოვლისა, ცხოვრების აქტიური, კულტურული წესი, ჰუმანური და ცივილიზებული, რომელიც უშუალო კავშირშია ადამიანის ჯანმრთელობასა და ბედნიერებასთან🙂. ასეთი მოსაზრებაც არსებობს: ცხოვრების ჯანსაღი წესი არის ადამიანის გონივრული ქცევის სისტემა-ზომიერება ყველაფერში, ოპტიმალური მოძრაობითი რეჟიმი, გაკაჟება, სწორი კვება, ცხოვრების რაციონალური რეჟიმი, მავნე ჩვევებზე უარის თქმა და აშ. ერთი შეხედვით ცხოვრების სტილის შეცვლა თითქოს რთულია, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა მოხდეს ეტაპობრივად, ისე , რომ ჩვენ არ შეგვექმნას დისკომფორტი რადიკალური ცვილების გამო, პირიქით ჩვენთვის ეს პროცესი სასიამოვნო უნდა გავხადოთ, მთავარია მონდომება, დასაწყებად ნაბიჯის გადადგმა და იმ აზრთან შეგუება, რომ ეს არ უნდა იყოს დროებითი ან თუნდაც სეზონური.

კვების წესისა და რეჟიმის მოწესრიგება ხშირად იმ ჩამონათვალთა სიაში ხვდება, რის გაკეთებასაც ვგეგმავთ – მაგრამ, როგორც წესი, არ ვასრულებთ. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური მათთვისაა, ვინც სახლიდან დილას გადის და საღამოს შედის. კვება რომ აუცილებელია, ვიცით, მაგრამ სწორად კვების ჩვევად ქცევას ნებისყოფა სჭირდება. რთულია, უარი თქვა გემრიელ „ჯანქ ფუდზე” და უცხიმო, უმარილო, უშაქრო საჭმელი აირჩიო.ყოველდღიური რაციონისთვის საკვების არჩევისას, გონებაზე წინ ინსტინქტები დგას: ვჭამთ იმას, რაც გვინდა და არა ორგანიზმისთვის საჭიროს. ეს ჯანმრთელობაზეც აისახება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას 15%-ით სამედიცინო მომსახურება განსაზღვრავს, 15%-ით გენეტიკა, 70% კი დამოკიდებულია ცხოვრების წესსა და კვებაზე. ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და წონის პრობლემის მოსაგვარებლად, კვების მოწესრიგება აუცილებელია. ცხოვრების ჯანსაღი წესი ქრონიკული დაავადებების განვითარების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს.სხვათა შორის, ენდოკრინოლოგები სულაც არ ეთანხმებიან მოსაზრებას, რომ სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს. შიმშილზე სასარგებლო კვების წესის მოწესრიგებაა – დიეტა ის არის, რის დაცვასაც მთელი ცხოვრების განმავლობაში შეძლებთ. სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის ორგანიზმს სჭირდება: ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ვიტამინები, მიკროელემენტები, მინერალური ნივთიერებები. თუმცა, მიღებული რაოდენობა ორგანიზმის მიერ დახარჯულ ენერგიას უნდა შეესაბამებოდეს. ჯანსაღი ცხოვრების წესი ითვალისწინებს ბევრ დეტალს, მაგრამ ნუ შეხედავთ ამ ყველაფერს როგორ დროის კარგვას, რადგან ეს არის ცუდი საკვების კარგით ჩანაცვლება და არა რამე განსაკუთრებული, დაწერილი 10 დღიანი დიეტა, რომელთა უმრავლესობაც შიმშილის ტოლფასია🙂